საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრების დონეზე აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობს. თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობას და ეფექტიანობას გაუსვა ხაზი, მათ შორის აღნიშნა სტრატეგიული დონის და ექსპერტთა დონის შეხვედრები, ასევე ერთობლივი წვრთნები და სწავლებები. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მინისტერიალის ფარგლებში, ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა.