ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძისა და თენგიზ ცერცვაძის ცნობილი ერთობლივი ფოტო, რომელიც „ბიბისიმ“ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას დაურთო, მისმა ავტორმა, საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორმა, მირიან მელაძემ სამეულის თითოეულ წევრს პირადად გადასცა.
მირიან მელაძემ ისტორიული ფოტო 14 მარტს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, ეპიდემიოლოგთა ერთ-ერთი ბრიფინგის დასრულების შემდეგ გადაიღო. მოგვიანებით „სამი მუშკეტერის“ პორტრეტი არაერთმა ქართულმა საინფორმაციო სააგენტომ გამოიყენა, ბოლოს კი, ფოტო საქართველოს ფარგლებსაც გასცდა და ბრიტანული მაუწყებლის სტატიაში მოხვდა სახელწოდებით „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“. სტატიის ავტორის განცხადებით, საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყნის სიაში, რომელსაც ევროკავშირი საზღვრების გასახსნელად საკმარისად უსაფრთხოდ მიიჩნევს. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა.