ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს თანაგრძნობას უცხადებს პრემიერ-მინისტრი: “მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს”- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე.
„საქართველოს პარლამენტის სახელით მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველის, საქართველოს პარლამენტის უხუცესი წევრის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.
მისი პერსონაჟების და სიმღერების მიმართ სიყვარულს ქართველი ხალხი უკვე ათწლეულები ატარებს და ეს სიყვარული კიდევ ბევრი ათწლეული გაგვითბობს გულს.თანავუგრძნობ მის ოჯახს და ახლობლებს”, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ბუბა კიკაბიძის ოჯახს, მის მეგობრებს და ქართული კულტურის წარმომადგენლებს უსამძიმრებს თბილისის მერი. „დიდია ბუბა კიკაბიძის დამსახურება კინემატოგრაფიაში, ქართული საესტრადო მუსიკის განვითარებაში. იგი იყო არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, თუმცა მთავარი ის დიდი სიყვარულია, რაც მაყურებელს და მსმენელს დაუტოვა“, – აცხადებს კახა კალაძე.
ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა