"სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო გარემოს აფასებს - რა დარღვევები გამოავლინეს დამკვირვებლებმა
“სამართლიან არჩევნებში” ოზურგეთსა და ხაშურში წინასაარჩევნო დარღვევებზე მიუთითებენ. მიხეილ ბენიძემ თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურამდე 2 დღით ადრე წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ოზურგეთში ზეწოლისა და მუქარის 4 ფაქტი გამოავლინეს, განსაკუთრებით მეტი კითხვა მათ ოზურგეთის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის წევრის, გიორგი როყვას შემთხვევასთან აქვთ.
ბენიძის თქმით, ამავე ოლქში ამომრჩეველთა მოსყიდვის ერთი ფაქტი დაფიქსირდა. დარღვევები დააფიქსირეს ხაშურშიც, დამოუკიდებელი კანდიდატის, რამაზ ნოზაძის შტაბში საუბრობენ, რომ ერთ-ერთ პირს მმართველი გუნდის კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობა აიძულეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.
ორგანიზაციის თქმით, ყველა ეს ფაქტი “ქართული ოცნების” სასარგებლოდ დაფიქსირდა, რასაც ორგანიზაციაში მაღალი კონკურენციით ხსნიან. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, “სამართლიანი არჩევნები” ყველა ჩართულ მხარეს წინასაარჩევნოდ სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.