საკრებულოს ფრაქცია „საქართველოსთვის“ დედაქალაქის მერიისგან რუსულ კომპანია „კამაზთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტას ითხოვს. როგორც ფრაქციის წევრმა გიორგი შარაშიძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, კომპანია ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია და მერია სწორედ მისგან გეგმავს ქუჩების მოსარეცხად საჭირო ტექნიკის შეძენას. მისივე განმარტებით, აღნიშნული კომპანია ასევე აქტიურად აწარმოებს სამხედრო ტექნიკასაც.
კომპანია „კამაზთან“ დაკავშირებულ ბრალდებებს დღეს დედაქალაქის მერიაში არ გამოხმაურებიან. მერიამ განცხადება გუშინ სხვა კომპანიასთან დაკავშირებით გაავრცელა. სადაც ნათქვამია, რომ თბილისის მთავრობამ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურა დაიწყო. მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი არ აპირებს სანქცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობას და „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულება გაუქმდება“.