„კოვიდ 19“-ის პირველი შემთხვევიდან, ანუ 26 თებერვლიდან დღემდე 148 დადასტურებული ფაქტი და 27 გამოჯანმრთელებული, – ინფიცირებულთა ზრდის დინამიკის მატების კვალდაკვალ ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დგება.
ახლა ნომერ პირველი ამოცანა ჰოსპიტალური სექტორის სრული მზაობა, დაავადებასთან ბრძოლისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის მომარაგება და ექიმების შესაბამისი დამცავი საშუალებებით აღჭურვაა.
ცალკე გამოწვევაა ეპიდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შედეგად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი ეკონომიკა. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული პაკეტები ბიზნესის ხელშეწყობაზე, შექმნილ ვითარებაში დროებით შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებზე ზრუნვაზე და ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების დახმარებაზეა ორიენტირებული. პარალელურად მთავრობა პოსტ-კრიზისულ გეგმაზეც იწყებს მუშაობას.