საპროტესტოს აქციების და ხმაურის ფონზე მიღებული კანონის მიმართ მთავარი ბრალდებები ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში ჟღერს. ოპოზიციას, პრეზიდენტს და 100-ზე მეტ არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციას ათეულობით იურისტი წარმოადგენს. მოპასუხე მხარის, ანუ პარლამენტის ინტერესებს კი საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წარმომადგენლობა იცავს. განხილვაში მონაწილეობენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებიც. დავის საგანია კანონის სახელწოდება და ის სტატუსიც, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციებმა უცხოური ძალის ინტერესის წარმომადგენელთა რეესტრში დარეგისტრირების შემდეგ უნდა მიიღონ. მოსარჩელეთა წარმომადგენლები კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მოსალოდნელ რისკებსა და საფრთხეებზე აკეთებენ აქცენტს. თავის მხრივ კანონის არსს გამჭვირვალობის უზრუნველყოფით ხსნის მოპასუხე მხარე.
კანონი 2 სექტემბრიდან ამოქმედდება. ბოლო მონაცემებით, საკუთარი შემოსავლების დეკლარირების და შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების მოთხოვნა 233 ორგანიზაციას აქვს შესრულებული.