2024 წლის პირველი მაისიდან სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების ოდენობის გაზრდა იგეგმება. მთავრობის ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმად, მოიმატებს ძალოვან სტრუქტურებში სხვადასხვა პოზიციაზე ნამსახურები მოქალაქეების, ყოფილი მოსამართლეების, პროკურორების, პარლამენტის წევრების, ასევე პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, ყოფილი დიპლომატების, სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურეების, ყოფილი გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის და სახელმწიფო სამსახურში მყოფი სხვა პირების კომპენსაცია.
არსებული 560-ლარიანი ლიმიტი განისაზღვრება 1 000 ლარით, ხოლო ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, დადგენილი ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობა 1 000 ლარის ნაცვლად, იქნება 1 200 ლარი. კანონპროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.