ორ თვეზე ნაკლები დრო რჩება ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე. ახლა ჯერი დეპუტატების გადაწყვეტილებაზეა. სახალხო დამცველის 19-ვე კანდიდატის ინდივიდუალური შეფასება უკვე ცნობილია. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ, ყველაზე მაღალი, 321 ქულა მესამე სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატს, ანა აბაშიძეს მიანიჭა. ნუგზარ კოხრეიძესა და სერგო მახარაძესთან ერთად, პირველ ხუთეულში მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ორი კანდიდატი, ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე. კომისიის წევრების განმარტებით, კანდიდატები 4 კრიტერიუმის, რეპუტაციის, მიუკერძოებლობის, განათლების და გამოცდილების მიხედვით შეაფასეს. ახალი სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მე-10 მოწვევის პარლამენტში კი ხმათა ეს რაოდენობა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არა აქვს. ამიტომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას, ომბუდსმენის 6 წლის ვადით დასამტკიცებლად, ერთმანეთთან თანამშრომლობა მოუწევთ. თუ პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს ვერ დაამტკიცებს, ომბუდსმენის შესარჩევად კვლავ ახალი კონკურსი გამოცხადდება.