სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა

ოპოზიციის ნაწილი სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობოების მიერ დასახელებულ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, საუბარია ნაზი ჯანეზაშვილზე, გიორგი ბურჯანაძესა და ანა აბაშიძეზე. გადაწყვეტილება ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც კანდიდატურებთან დაკავშირებით, პოზიციები შეაჯერეს. პოლიტიკურმა სუბიექტებმა ომბუდსმენობის მინიმუმ 7 კანდიდატი 21 ოქტომბრამდე უნდა დაასახელონ. მანამდე კი, შემფასებელმა კომისიამ ყველაზე მაღალი, 321 ქულა მესამე სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატს, ანა აბაშიძეს მიანიჭა. ნუგზარ კოხრეიძესა და სერგო მახარაძესთან ერთად, პირველ ხუთეულში მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული კიდევ ორი კანდიდატი – ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე. კომისიის წევრების განმარტებით, კანდიდატები ოთხი კრიტერიუმის: რეპუტაციის, მიუკერძოებლობის, განათლებისა და გამოცდილების მიხედვით შეაფასეს. ახალი სახალხო დამცველის დამტკიცებას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუ პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს ვერ დაამტკიცებს, მის შესარჩევად ახალი კონკურსი გამოცხადდება.