გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოვიჟენის“ ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ოზურგეთის თეატრში. მას გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მცხოვრები შეშის მომხმარებელი მოსახლეობა დაესწრო. ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრის მიზანია, დამსწრეების ინფორმირება საქართველოში მიმდინარე ყველაზე მასშტაბური მწვანე პროექტის, ECO.Georgia-ს შესახებ. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოეწყო ენერგოეფექტური შეშის ღუმელებისა და შეშის ალტერნატიული საწვავის სადემონსტრაციო კუთხეები. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, ამ ტიპის ღუმელები ხელსაყრელი პირობებით შეიძინოს.