საია დანაშაულის პრევენციის ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობაში ადანაშაულებს
საია იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობაში სდებს ბრალს. ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წელს ცენტრიდან ორი თანამშრომლის თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის გათავისუფლება უკანონოდ მოხდა და დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რომ აღნიშნული პირების თანამდებობებზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოხდეს, რომელიც ორივე მათგანის შემთხვევაში, ჯამში დაახლოებით 150 ლარს შეადგენს.
მომჩივანი მხარის თქმით, მათი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა თავად პოლიტიკურ დისკრიმინაციაზე საუბრობენ. ამის თქმის საფუძველს მათ ის აძლევს, რომ ისინი უწყებაში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იყვნენ დასაქმებულები.
საკითხთან დაკავშირებით კითხვა იუსტიციის მინისტრს დავუსვით, თუმცა თეა წულუკიანმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.