საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

სოფელ ატოცში არსებულ ვითარებას საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფელ ატოცში განვითარებული მოვლენების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები. შედგა სატელეფონო ზარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან. ინფორმირებულია ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურებულია ცხელი ხაზი.