პარტია „საქართველოსთვის“ და აქუბარდიას ალტერნატიული კანონპროექტი

დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ კანონპროექტი. ინიციატორები არიან პარტია „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდია. ამ ალტერნატიული პაკეტით იკრძალება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტის ისეთი საქმიანობები, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის კავშირსა და ნატო-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას. გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტობისთვის, კერძოდ, რუსეთის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან რვა წლამდე ვადით. იგივე ქმედება, რამაც საქართველოს ინტერესისთვის მძიმე შედეგი გამოიწვია – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან თორმეტ წლამდე. ოპოზიციის ნაწილის მხრიდან წარმოდგენილ ალტერნატიულ კანონპროექტს პოლიტიკოსებში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.