საქართველოს საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის ადგილად შესაძლო გამოყენებაზე მინიშნებას ამჯერად რადიო „თავისუფლება“ აკეთებს.
ეჭვებს მედია-საშუალება იმპორტის მონაცემებით ამყარებს და ამტკიცებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ საქართველოში მკვეთრად არის გაზრდილი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის მაჩვენებელი, რომელსაც რუსეთი შესაძლოა საომარი ტექნიკის, რაკეტების და იარაღის საწარმოებლად იყენებდეს. მათ შორის სახელდება მიკროჩიპები და კოსმოსური ნავიგაციის ხელსაწყოები ამერიკიდან. სტატიაში მოყვანილია იმ სენატორების განცხადებებიც, რომლებმაც ანალოგიური ეჭვები გამოთქვეს და ამერიკული სამხედრო კომპონენტების რუსეთში შემოვლითი გზებით შეტანაზე საუბრის დროს საქართველოც ახსენეს. საკმაოდ მწვავეა ქართული მხარის რეაქცია. ფინანსთა მინისტრმა დღეს სტატიაში მოყვანილ ყველა ციფრსა და მაჩვენებელს საქსტატის მონაცემები დაუპირისპირა. მათ, ვისაც საქართველოზე ეჭვები აქვთ, საერთაშორისო სანქციების კოორდინატორთა ვიზიტი და ოფიციალური შეფასებებიც გაახსენეს.