საქართველო საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენასა და ფორუმს მასპინძლობს. მთავარი თემა საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიის დერეფნის გადამწყვეტი როლის წარმოჩენაა. ღონისძიება საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA), Invest in Network-ისა და Expo Georgia-ს ორგანიზებით, „ექსპო ჯორჯიაში“ იმართება. ფორუმს ესწრებიან ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები, განახლებადი ენერგიის დეველოპერები,სამთავრობო სექტორი, ფინანსური ორგანიზაციები როგორც საქართველოდან, ასევე მთელი მსოფლიოდან. ფორუმის პარალელურად, იმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდები, სექტორის უახლესი მიღწევები და ინოვაციები. ორი დღის განმავლობაში გაიმართება სესიები, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა დისკუსიები ელექტროენერგიის მართვის სისტემებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის მექანიზმებზე, ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციასა და საქართველოს, როგორც მწვანე ენერგიის რეგიონული ჰაბის პერსპექტივებზე.