დარღვევები საავტორო უფლებების ასოციაციაში.
საქპატენტი მის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგებს აქვეყნებს. საქმე ეხება 2021-22 წლების პერიოდს. ინტელექტუალური საკუთრების ცენტრი იკვლევდა, თუ რამდენად ეფექტურად მართავს ავტორების ქონებრივ უფლებებს ასოციაცია, რომელიც წლების წინ საავტორო უფლებების დაცვა-რეალიზაციის და ამ უფლებების მფლობელთა სამართლიანი ანაზღაურების უზრუნველსაყოფად შეიქმნა. აუდიტორული შემოწმების შემდეგ საქპატენტმა წესდების დარღვევის და საავტორო ჰონორარებიდან ადმინისტრაციული ხარჯებისთვის დადგენილი თანხების გადაჭარბების ფაქტები გამოავლინა. ასოციაცია ავტორების კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტებს უარყოფს, თუმცა ირკვევა, რომ საავტორო უფლებების ასოციაციის მიმართ ხელოვანთა ნაწილსაც აქვს პრეტენზიები.