საარჩევნო რეფორმის პროექტზე ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მორიგი პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზი ხდება.
ხელისუფლებისთვის საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები ძირითადად პოზიტიური შინაარსის მატარებელია, თუმცა ასე არ ფიქრობს ოპოზიციის ნაწილი. განსაკუთრებული აქცენტი რეფორმის პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებულ შეფასებებზე კეთდება, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციას და ელექტრონული არჩევნების დანერგვას ეხება. ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის გაცნობის შემდეგ გადაწყდა, რომ ერთი მოსმენით მიღებული პროექტი კორექტირდება და 13 ცვლილება შევა. პროტესტი მოჰყვა იმ ინფორმაციასაც, რომელიც პროექტზე მომუშავე ოპოზიციური პარტიებისთვის დღეს გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები დახურულ ფორმატში შეხვდნენ იმ სამ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც საარჩევნო რეფორმის მოსამზადებლად ჯერ კიდევ ზაფხულში შექმნილ სამუშაო ჯგუფს ბოიკოტი გამოუცხადა.