საარჩევნო გადაჯგუფებები ოპოზიციაში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
ვინ ერთიანდება და ვისთვის არის უფრო ხელსაყრელი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა – პარტია „დროამ“, „ახალმა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებული ერთობის შემდეგ, საზოგადოებას ახალი გაერთიანება წარუდგინა.
„დროა, გირჩიოთ ახალი“ – ასეთია „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი და ახალი სახეების საბოლოო განაცხადი, რომელშიც მოლაპარაკებების მიუხედავად, პარტია „ლელო“ ვერ მოხვდა. „ლელოში“ განმარტავენ, რომ მოლაპარაკებები სხვა გაერთიანებებთან დაკავშირებით, გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებას ამომრჩეველი მალე იხილავს.
წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს კიდევ ერთი ახალი პლატფორმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებულ შემადგენლობას და ამავე პარტიიდან წასულ გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელს“ აერთიანებს. კამპანიის დაწყება „ნაციონალურ მოძრაობას“ მორიგი შიდა დაპირისპირების ფონზე უწევს, რადგან პარტიაში ახალი სახეების გამოჩენის პარალელურად, შიდა დაპირისპირება თანამდებობებისთვის უფრო მწვავდება.
ამ დრომდე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებს გახარიას პარტია, „ევროპული საქართველო“ და პარტია „გირჩი“. უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით „ნაციონალური მოძრაობის“ ჯამი არ შეიცვლება. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტების შეთანხმება თუ შეუთანხმებლობა, მხოლოდ ფინანსურ და პირად მიზნებზე გადის.