ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც თვეების წინ ქართული პოლიტიკისგან დისტანცირების გადაწყვეტილება საჯაროდ გამოაცხადა, პოლიტიკაში დაბრუნების დაანონსების შემდეგ ისევ აქტიურდება და ხალხს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებს. ოპოზიციური სპექტრის მიმართ მისი მთავარი გზავნილი გაერთიანებაა. თუმცა ჩნდება კითხვა – როგორ შეძლებს სამოქალაქო კლინიკაში მყოფი ექს-პრეზიდენტი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის ფონზე, რომელიც, მისივე გარემოცვის მტკიცებით, ყოველდღე სულ უფრო მძიმდება. თუმცა, თანაგუნდელებისთვის ეს საკითხი შემაფერხებელ ფაქტორად არ განიხილება. სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვის თემას სკეპტიკურად უყურებენ ცალკეული ოპოზიციური ძალები, ნაწილი ამ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ მაშველ რგოლადაც კი განიხილავს. მმართველი გუნდისთვის კი პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის პოზიციის ცვლილების მიზეზი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც შიდა პოლიტიკური მღელვარების, ლობისტური კამპანიის და ცალკეულ ევროპარლამენტართა მოწოდებების ფონზე სამკურნალოდ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.