სააკაშვილის მხარდამჭერების ახალი კამპანია

აქციები ამ ეტაპზე არა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო დღის წესრიგში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი ნომერ პირველ საკითხად დგას.

მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ხალხს დახსნისკენ მოუწოდა, პარტია მხარდამჭერებთან და ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად უკრაინას მიმართავს და ითხოვს, უკრაინის სამართალდამცავებმა უწყებებმა გამოძიება დაიწყონ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც სააკაშვილის გუნდის აზრით, ექს-პრეზიდენტს არაადამიანურად ეპყრობიან. მოთხოვნას პარტია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ამსახველი კადრებით ამყარებს. სანამ ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერები მათთან ახლო ურთიერთობაში მყოფი უკრაინელი მაღალჩინოსნებისგან პასუხს ელოდება, მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების მოთხოვნა აქტიურდება. ინიციატორი „ხალხის ძალაა“, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ოპოზიციაში გადანაცვლების შემდეგ ჩადენილ ქმედებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებასთან ერთად სისხლის სამართლებრივი საქმეების აღძვრასაც მოითხოვს.