მართლმადიდებელი სამყარო დღეს ქრისტეს აღდგომას აღნიშნავს.
პირველად საქართველოს ისტორიაში, სააღდგომო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში არ ჩატარებულა. ახალი კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხეების გამო სპეციალური წესების და რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობდა წირვა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივიდნენ და სახლებში დილის ექვსი საათის შემდეგ დაბრუნდნენ. მრევლისთვის ადგილები გამოყოფილი იყო ასევე ტაძრის ეზოში. ტრადიციულად, სამების ტაძარში მიაბრძანეს იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი. მრევლს კი პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს. ლიტურგიას თავად კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად უძღვებოდა. სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
სამების ტაძრიდან სააღდგომო ლიტურგიას საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემდა.