ორწლიანი დაპირისპირების და მუდმივი პოლიტიკური კრიზისების შემდეგ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე აღარ ჰყავს.
თვითმმართველი ორგანოს ოპოზიციონერი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენეს. ნოდარ შეროზია გიორგი გახარიას პარტიის წევრია. უმცირესობაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ საკმარისი 18 ხმა არ გააჩნდა, თუმცა იმპიჩმენტს მხარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულმა დეპუტატებმაც დაუჭირეს. ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტებულ საკრებულოში თავის დროზე გახარიას თანაგუნდელი თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებით აირჩიეს. ახლა ყოფილი პრემიერის პარტია იმპიჩმენტს „ქართული ოცნების“ და ყოფილი მმართველი პარტიის გარიგების შედეგად აცხადებს. დღევანდელმა სხდომამ ხმაურის და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. რუსთავის საკრებულო ერთ-ერთია, სადაც 2021 წელს მმართველმა გუნდმა უმრავლესობა დაკარგა.