რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. ფაქტის შესახებ ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკანონოდ დაკავებულის გასათავისუფლებლად ყველა არსებული მექანიზმი ამოქმედებულია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე უწყება პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო ძალას აკისრებს.