რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადება

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოსთან ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება. რუსეთის საპატრიარქოში ამბობენ, რომ განხეთქილება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს. განცხადება საგარეო ურთიერთობების საკითხებში რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა გააკეთა. მან მსოფლიო საპატრიარქოს ქმედებებს მზაკვრული, ცინიკური და ძალადობრივი უწოდა. ასე შეაფასა ილარიონმა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილება, კიევში საკუთარი წარმომადგენლები გააგზავნოს, რომლებიც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხებზე კონსულტაციებს გაუწევენ. რუსეთის საპატრიარქოს სინოდმა ეს ქმედება საეკლესიო წესების უხეშ დარღვევად შეაფასა. მიტროპოლიტ ილარიონის თქმით, საეკლესიო დიპლომატიის რესურსი უკვე ამოიწურა და რუსეთის საპატრიარქო საპასუხო ნაბიჯებზე ფიქრობს. მისივე განცხადებით, ეს ნაბიჯი მართლმადიდებლურ სამყაროში განხეთქილებას გამოიწვევს.