ღამის კლუბებს სავარაუდოდ, ჯარიმები ემუქრებათ.
შრომის ინსპექცია სფეროს წარმომადგენლებს აფრთხილებს, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო საქმიანობის განახლების უფლება ამ ეტაპზე არ აქვთ. მაკონტროლებელი უწყება მონიტორინგის ჩატარებას დღესაც გეგმავს და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების ამოქმედებას აანონსებს. უკვე ცნობილია, რომ ორწლიანი ჩაკეტვის შემდეგ კლუბების ნაწილი დღეიდან საქმიანობის აღდგენას აპირებს. შრომის ინსპექციაში კი განმარტავენ, რომ მწვანე პასპორტის გარდა საჭიროა უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი, რაზეც მუშაობა ჯერ ისევ მიმდინარეობს და საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე უახლოეს პერიოდში იქნება გატანილი. ბოლო დღეებში ქვეყანაში ინფექციის გავრცელების დღიური მაჩვენებელი კლებისკენ წავიდა და 3 000-ს ჩამოსცდა. თუმცა გადადების მაღალი ხარისხით ცნობილი ახალი შტამის, „ომიკრონის“ საფრთხის გამო პროგნოზი მძიმეა.