გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები უკვე აისახა ჰოსპიტალურ სექტორზე.
მთელი ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-ინფიცირებულებისთვის გამოყოფილი საწოლების 70% უკვე დაკავებულია. მიმართვიანობა განსაკუთრებით იმ რეგინებში არის გაზრდილი, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები დაბალია. მათ შორისაა კახეთი, სადაც დღეს იმუნიზაციის მარათონი გაგრძელდა. ეპიდემიოლოგები კარდაკარ დადიან და ადგილობრივებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სარგებელზე დეტალურ ინფორმაციას აწვდიან. დაწყებიდან მეოთხე დღეს მარათონის შედეგები არადამაკმაყოფილებელია. აცრილთა მცირე რაოდენობის და იმუნიზაციის გეგმის ჩავარდნის საფრთხის გამო, ექიმები საკმაოდ მძიმე სცენარებს პროგნოზირებენ. მათგან გასხვავებით, ოპტიმისტური პროგნოზები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ვაქცინაციის კამპანიის გარდა ინფექციის სწრაფი გავრცელების შეჩერებას რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებით აპირებს.