რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

წითელ ზონაში გადასული ქვეყანა მორიგი ეპიდ-აფეთქების ზღვარზეა.

შეზღუდვების მოხსნის და ვაქცინაციის დაბალი ტემპების ფონზე კორონავირუსის სხვადასხვა შტამი უკონტროლოდ ვრცელდება. თბილისის შემდეგ მძიმე სიტუაციაა აჭარაში, სადაც ვირუსისგან დაცვის წესები უხეშად ირღვევა და პირბადეებს უმრავლესობა აღარ ატარებს. ეპიდემიოლოგებისგან გასხვავებით, ჯანდაცვის უწყება ამ ეტაპზე რეგულაციების გამკაცრებას არ განიხილავს და ვითარების კონტროლს მოქალაქეებისთვის წესების მკაცრი დაცვისკენ მოწოდებებით ცდილობს. თუმცა ფაქტია, რომ კვირის დასაწყისიდან ყოველდღე 2 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. დღევანდელ მდგომარეობას მაისში გამოვლილ პიკურ პერიოდს ადარებენ. საბედნიეროდ, დამაიმედებელია ბოლო კვლევები „კოვიდ-19“-ის ახალი და უკვე დომინანტად ქცეული ინდური „დელტა“ შტამის მიმართ ვაქცინების ეფექტურობასთან დაკავშირებით. თუმცა, საქართველოში აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი მაინც დაბალია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა შაბათს, 24 ივლისს შემოვა.