ინფიცირების 37 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა და 38 გარდაცვლილი ბოლო ერთ დღეში, – ასეთია საქართველოში კორონავირუსის „დელტა“ შტამის მასობრივი გავრცელების შედეგი.
24 საათში ინფიცირებულია 3670 ადამიანი. თუ „კოვიდ-19“-ის გავრცელების ეს დინამიკა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება, მედიკოსები გარდაცვლილთა რაოდენობის გაორმაგებას პროგნოზირებენ და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს არ გამორიცხავენ. დაავადების მძიმე მიმდინარეობით გამორჩეული ინდური შტამი კლინიკებზე ზეწოლას ზრდის. ქვეყნის მასშტაბით დღევანდელი მონაცემებით 700-მდე საწოლია თავისუფალი. აქტიურად მიმდინარეობს დამატებითი საწოლებისა და კოვიდ-სასტუმროების მობილიზება. რთული ვითარების გათვალისწინებით ინფექციონისტებმა საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი შეზღუდვების შემოღების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართეს, თუმცა მთავრობის პოზიცია ცნობილია – ქვეყნის ეკონომიკა მორიგ ჩაკეტავს ვეღარ გაუძლებს. ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი გზა ახლა პირბადის ტარება და ვაქცინაციაა.