საქართველოში რთული ეპიდვითარება ნარჩუნდება, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 25 162 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ისევ მაღალია დადებითობის დღიური მაჩვენებელი, რომელიც 35 პროცენტამდეა. ახლა მთავარი კითხვაა – იყო თუ არა მეექვსე ტალღის პიკი 2 თებერვლის მონაცემი, როდესაც ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 26 320 შემთხვევა დაფიქსირდა. მედიკოსებს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ აქვთ. სპეციალისტები ეპიდსიტუაციის ორი შესაძლო სცენარით განვითარებას პროგნოზირებენ. აქედან ერთი – ინფიცირებულთა რაოდენობის კლების მოლოდინია, მეორე სცენარი კი – „ომიკრონის“ ქვეშტამების ცირკულირების პირობებში, მორიგ ეპიდაფეთქებას არ გამორიცხავს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს ამ დროისთვის 219 ათასი პაციენტი ებრძვის. რთული ეპიდვითარების ფონზე, საგანგაშოდ დაბალია დღიურად აცრილი მოქალაქეების რაოდენობა. თუ ვაქცინაციის ტემპი არ დაჩქარდა, სპეციალისტები პანდემიის დასრულებას უახლოეს პერიოდში არ ელოდებიან.