საქართველოში „კოვიდ-19“-ის აქტიური შემთხვევების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა გამოვლინდა.
ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ქვეყანაში თითქმის ყოველი 50-ე ადამიანი კოვიდ-ინფექციის მატარებელია. ვირუსის „დელტა“ შტამი, რომელიც სწრაფი გავრცელებითა და მძიმე მიმდინარეობით გამოირჩევა, ჰოსპიტალურ სექტორს კოლაფსის საფრთხის წინაშე აყენებს. საავადმყოფოში ინფექციის გართულებებით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 12 %-ზე მეტი ხდება. ბოლო 24 საათის სტატისტიკით, ვირუსი კიდევ 5 359 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილია 42 პაციენტი. ინფექციონისტები იმედს ხვალიდან ასამოქმედებელ შეზღუდვებზე ამყარებენ. მედიკოსების განცხადებით, თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს დაიცავენ, შესაძლებელი იქნება როგორც ვითარების დასტაბილურება, ისე გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, სპეციალისტებმა საკოორდინაციო საბჭოს კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების შემოღების მოთხოვნით მიმართონ.
დაბრუნდება თუ არა ქვეყანაში სრული ლოქდაუნი, ეს დიდწილად მოსახლეობის სამოქალაქო თვითშეგნებაზეა დამოკიდებული.