რომაული ფესტივალი გონიოს ციხეში

გონიოს ციხეში რომაული ფესტივალი გაიხსნა. ტერიტორიაზე გაცოცხლდა ძველი რომის სწორედ ის ეპოქა, როდესაც გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრე აშენდა.  ტერიტორიაზე მოეწყო რომაული ბანაკი, გამოიფინა იმდროინდელი საბრძოლო და საყოფაცხოვრებო იარაღების ასლები. ძველი რომის გარემო შექმნეს ძველ რომაულ ტანისამოსში გამოწყობილმა მსახიობებმა. ქართული საბრძოლო ხელოვნების სპორტსმენებმა წარმოადგინეს გლადიატორების ორთაბრძოლები.

ფესტივალის ორგანიზატორია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა ასპარეზობები ქართულ ჭიდაობაში, ცხენოსნობასა და მშვილდოსნობაში. ღონისძიება გონიოს ციხეში ორ დღეს გაგრძელდება.