ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში მცხოვრებთა პრობლემები

გონიოს ციხის წინ ყოფილი სამხედრო ბაზების შენობაში მცხოვრები ექვსი ოჯახი 35 წელია საცხოვრებლის დაკანონებას ითხოვს. ისინი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ბინებში ორდერების საფუძველზე შეასახლეს. იმის გამო, რომ საჯარო რეესტრში ქონება არ უფიქსირდებათ, ამ ოჯახებს არც აბონენტად არეგისტრირებენ და დღემდე ვერც ბუნებრივი აირი შეიყვანეს. ამავე სახლებში ბინის დაკანონება სამმა ოჯახმა მოახერხა, რომლებიც ყველა კომუნალური მომსახურებით სარგებლობენ. შენობები თავდაპირველად თავდაცვის სამინისტროს კუთვნილება იყო, ამჟამად კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. უწყებაში ამბობენ, რომ ოჯახებმა ბინების დასარეგისტრირებლად საჭირო დოკუმენტაცია ვერ წარადგინეს, ამდენად გაურკვეველი რჩება, როგორ გადაწყდება პრობლემა.