როინ შავაძის მკვლელობის საქმე

15 წლის წინანდელი გახმაურებული საქმის კიდევ უფრო რეზონანსული გაგრძელება.

2008 წელს მოკლული როინ შავაძის განზრახ მკვლელობაში კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს და ყოფილ სპეცრაზმელებს ედებათ ბრალი. საუბარია თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტზე და აგვისტოს ომის მონაწილეზე, რომელსაც წინა ხელისუფლება რუსეთის სამხედრო ნაწილებთან თანამშრომლობაში და ნარკოდანაშაულში სდებდა ბრალს. შავაძე ქობულეთის გასასვლელთან მოკლეს, რაც მაშინ დაკავებულის გაქცევის მცდელობით ახსნეს. თუმცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩატარებულმა ხელახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სპეც-რაზმელებმა სამხედრო ჯერ ბათუმის ერთ-ერთ კაფეში სასტიკად სცემეს, შემდეგ კი რამდენიმე გასროლით მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. ძიების ინფორმაციით, თავდასხმა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც კუდ-ის აჭარის სამმართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის მოტივით შავაძის შესწავლის დავალება გასცა. წლების შემდეგ გახმაურებულ საქმეზე რვა პირი დააკავეს, ორზე ძებნა ცხადდება.