„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის სტატია საქართველოსთან დაკავშირებით კვლავ შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიციის განცხადებით, იოზვიაკის განცხადებაც დასტურია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ლეგიტიმაციის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა. რაც შეეხება თანამშრომლობის საკითხს, – „ქართულ ოცნებაში“ მზადყოფნას გამოთქვამენ საქართველოს პარტნიორებთან სათანამშრომლოდ. უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, რომ ამომავალი წერტილი იქნება ქვეყნის საუკეთესო ინტერესები, მათი თქმით, პარტნიორობა არ უნდა იყოს ცალმხრივ რეჟიმში.
შეგახსენებთ, რომ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი სტატიაში ამბობს, რომ საბოლოოდ, ევროკავშირს მოუწევს ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“, რადგან დიდი არჩევანი არ აქვს და ევროკავშირისთვის პრობლემის ნაწილია ის, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე რეალური უდავო მტკიცებულება არ არსებობს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, რომლებსაც ესაუბრა, ნამდვილად არის განცდა, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი მოთამაშეა. „საქართველოში საპარლამენტო არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, რომელიც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 54 პროცენტით მოიგო, მაგრამ რომელმაც ასევე გამოიწვია ოპოზიციის პროტესტი და პარლამენტის ბოიკოტი, ევროკავშირი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, როგორ უპასუხოს.