რექტორის არჩევნები თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს.

გიორგი შარვაშიძე ჯაბა სამუშიამ შეცვალა. ისტორიკოსი აკადემიურმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით აირჩია. სამუშიას კონკურენტი არ ჰყოლია, ის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო. საარჩევნო პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა, თუმცა სტუდენტების ნაწილს ახალი რექტორის მიმართ შენიშვნები აქვს და მის დამოუკიდებლობაში ეჭვი ეპარება. ამ ეჭვს ახალგაზრდებს არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატის მონაწილეობა უღრმავებს. წინა რექტორი ოქტომბერში საკუთარი ნებით გადადგა. ამ გადაწყვეტილებას წინ საპროტესტო მღელვარება და აქციები უძღოდა, რაც სტუდენტური საცხოვრებლების საკითხს უკავშირდებოდა. ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.