სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო ერთ წელში მომხდარი გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პირველი ნიშნები ჩნდება.
მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ რეგიონში შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობას, სავარაუდოდ დამატებითი ეფექტები ექნება. თურქეთს, რომელიც ყარაბაღის ომში აზერბაიჯანს სხვადასხვა კომპონენტით უჭერდა მხარს, სომხური მხარის კონსტრუქციული პოზიციის შემთხვევაში მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების მოწესრიგება სურს. ფაქტია, რომ ანკარიდან ერევნის მისამართით ახალი გზავნილები ისმის. ორივე მხარე მზადაა, ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში ორმხრივი წარმომადგენლებიც ჩართოს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვარი 1993 წლის შემდეგ ჩაკეტილია.
გივი ბარამიძე არკვევდა, იქნება თუ არა სამშვიდობო ინიციატივები ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად საკმარისი.