რატომ არ მცირდება საწვავის ფასი

 რატომ არ აისახება საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენცია საქართველოში საწვავის ფასზე – კითხვას, რომელიც ყველა მოქალაქეს აწუხებს, ახლა კონკურენციის სააგენტომ უნდა გასცეს პასუხი, რომელიც ბაზრის მონიტორინგის შემდეგ, საწვავის იმპორტით და რეალიზაციით დაკავებული მსხვილი კომპანიების მოკვლევას იწყებს იმის დასადგენად, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებენ.

სააგენტოს ხელმძღვანელობაც აღიარებს, რომ ნავთობის ფასის შემცირებისა და ლარის გამყარების ფონზე, ბენზინისა და დიზელის უკვე დაფიქსირებული დაახლოებით 15-თეთრიანი კლება არასაკმარისია და მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოში საწვავი უფრო მეტად უნდა იყოს გაიაფებული.

მართალია, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ახლაც გრძელდება, თუმცა ფაქტია, რომ ნავთობის საერთაშორისო ფასი ომამდელი პერიოდის მაჩვენებლებს უბრუნდება. ამ ფაქტორისა და ლარის კურსის შედარებით დასტაბილურების ფონზე, პროგნოზი საქართველოსთან დაკავშირებითაც ოპტიმისტურია. ახლა მთავარია, იქცევა თუ არა ეს პროგნოზი რეალობად.