ქვეყნის სავიზიტო ბარათი, 60 ჰექტარზე გადაჭიმული რეკრეაციული სივრცე ზღვასა და მთას შორის - ხელოვნური ტბა, ეგზოტიკური ფრინველები და ცხოველები, წვერმაღალა, სამასწლოვანი და ენდემური ჯიშის გიგანტური ხეები; შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი ოფიციალურად გაიხსნა, რომლის დათვალიერება უფასოდ შეგვიძლია; ჭაობით დაფარული ტერიტორიის პარკად ქცევის იდეა და პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის
დაჭაობებულ ადგილზე გაშენებული უნიკალური რეკრეაციული ზონა – სამწლიანი სამუშაოები დასრულდა, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი დღეიდან დამთვალიერებლებს იღებს.
60 ჰექტარზე გაშლილ სივრცეში შესვლა უფასოა. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩატანილი უნიკალური სახეობების ხე-მცენარეები, ენდემური ჯიშის ასწლოვანი ხეები, ბამბუკის ტყე და ხელოვნური ტბა, სადაც ეგზოტიკური ფრინველები ბინადრობენ – ასე გამოიყურება დღეს ტერიტორია ზღვასა და მთას შორის, სადაც ხელუხლებელი ბუნების ეფექტია შექმნილი. მცენარეთა, ცხოველთა და ფრინველთა მრავალფეროვანი კოლექციით სავსე ტერიტორიაზე პირველ ვიზიტორებთან ერთად დღეს „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა.