ქუთათელაძის მკვლელობის საქმე

ყოფილი პარლამენტარის და გენერლის ბურუსით მოცული მკვლელობის საქმეზე შესაძლოა გარკვეული გარემოებები გამოიკვეთოს. პირველი არხისთვის ხელმისაწვდომი ხდება გამოძიების ფარგლებში დაკითხული ერთ-ერთი მოწმის ჩვენება. ის რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილეა, თუმცა მის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ. რეპორტაჟში არ ვაკონკრეტებთ არც იმ პირების ვინაობას, რომლებსაც მითითებული მოწმე დაკითხვის ოქმში ახსენებს. ჩვენების მიხედვით, საკუთარ კაბინეტში მოკლული სამსონ ქუთათელაძის გვარი რამდენიმე ბიზნეს-დავაში ფიგურირებს.

ამავე ჩვენებაში ნახსენებია ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მეწილის მკვლელობის შემდეგ იარაღის შეძენა-შენახვის მუხლით დაკავებული გიორგი ჭანტურიაც, რომელმაც გამთენიისას წინასწარი დაკავების იზოლატორი ბრალის წარდგენის გარეშე დატოვა. ჭანტურია კამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა.

გიორგი კობერიძე არკვევდა, რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება დანაშაულიდან მეხუთე დღეს და არის თუ არა მათ შორის ვალებთან დაკავშირებული უთანხმოება, რომელზეც მოწმეები გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში საუბრობენ.