ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნივერსიტეტის აკრედიტაციის საკითხთან დაკავშირებით, ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკრეტული პრივილეგიებით სარგებლობს და ავტორიზაციის გარეშე აგრძელებს მუშაობას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ყველა პროგრამა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ექვემდებარება აკრედიტაციის პროცედურას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ. საბჭო ასევე წარმოადგენს უნივერსიტეტის ხარისხის გარე მაკონტროლებელ მექანიზმს. დამატებით, უნივერსიტეტს აქვს ვალდებულება, ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აღიარებისთვის წარადგინოს საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოებში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედი ყველა საგანმანათლებლო პროგრამა შექმნილია მსოფლიოს წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და, სწორედ TUM-ის პროგრამების ანალოგს წარმოადგენს. გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო პროგრამები დამტკიცებულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ, რომელიც შედგება მსოფლიოში ცნობილი მეცნიერებისა და პროფესორებისგან.

საგანმანათლებლო პროგრამების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას დამატებით უზრუნველყოფს TUM International, რომელიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილი ორგანიზაციაა და ის ხელს უწყობს აკადემიური პროგრამებისა და მათი ხარისხის განვითარებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.