პრემიერ-მინისტრმა საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. მთავრობის მეთაური სტუდენტებს ქვეყანაში არსებული მმართველობის სისტემისა და პოლიტიკური პროცესების შესახებ ესაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.

საჯარო ლექციის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გიორგი ამილახვართან და უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერა, რომელიც 180 ჰექტარის ფართობზეა განლაგებული.

პრემიერი ასევე გაეცნო უნივერსიტეტის კამპუსზე ახალი აკადემიური შენობის მშენებლობის პროცესს, სადაც აუდიტორიები, ლაბორატორიები, ადმინისტრაციული ოფისები და საკონფერენციო დარბაზები განთავსდება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, დღეისთვის აქ 1 200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.