ე.წ. ქოლ-ცენტრების რეზონანსული საქმის ახალი გარემოება.
საქართველოს პროკურატურამ დანაშაულებრივი ჯგუფის სამი ორგანიზატორის, ერთი წევრის და ერთი იურიდიული კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა სხვადასხვა საწარმოს ბაზაზე ქოლ-ცენტრი მოაწყვეს, რომლის თანამშრომლები გერმანიის მოქალაქეებს ურეკავდნენ და მოგების მიღებას ჰპირდებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ მათი ელექტრონული პლატფორმის საშუალებით ელექტრონულ ვაჭრობაში ჩაერთვებოდნენ. შედეგად მოქალაქეების მიერ ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების უკანონოდ მითვისება და მათი გათეთრება ხდებოდა. ხუთი ბრალდებულის ვინაობა არ სახელდება. ეს ქართველი სამართალდამცავების მიერ საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქსელის ფიგურანტთა გამოვლენის პირველი შემთხვევა არ არის. მას შემდეგ, რაც „ბიბისიმ“ გახმაურებულ საქმეში თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილის შესაძლო ჩართულობაზე საგამოძიებო ფილმი მოამზადა, საქმის რეზონანსულობა კიდევ უფრო გაიზარდა.