საქართველოს UFC-ში პირველი ჩემპიონი ჰყავს! ილია თოფურიამ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე ცნობილი ორგანიზაციის ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი, მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. 27 წლის დაუმარცხებელი „ელ მატადორისთვის“ ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვებაა. უკვე ყოფილი ჩემპიონი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი ქვემსუბუქი წონის ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო მებრძოლია. ავსტრალიელს საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული. უკვე ცნობილია, რომ შემდეგ ბრძოლას ილია თოფურია ესპანეთში, სავარაუდოდ მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე გამართავს. ეს პირველი შემთხვევა იქნება როცა UFC-ი ტურნირს ესპანეთში ჩაატარებს. გასარკვევი მხოლოდ ისაა, ვინ იქნება ახალი ჩემპიონის მოწინააღმდეგე. თავად თოფურიამ ბრძოლის შემდეგ უფს-ის ორი ქამრის მფლობელი, კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.
დღესვე ზედიზედ მე-10 და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა მერაბ დვალიშვილმა. მან უფს-ის ყოფილი ჩემპიონი, ლეგენდარული ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. UFC-ს პრეზიდენტმა უკვე დაადასტურა, რომ შემდეგ ბრძოლას დვალიშვილი საჩემპიონო ქამრისთვის ჩაატარებს.