„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უნგრეთშია.
კანდიდატის სტატუსზე ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე ქართული დელეგაცია უნგრეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან იწყებს შეხვედრებს. მთავარი მიზანი 14-15 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ოფიციალური ბუდაპეშტის პოზიციის გარკვევაა. მმართველი პარტიის ლიდერები განმარტავენ, რომ შეხვედრების დროს უნგრეთისგან ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის კიდევ უფრო გაზრდას შეეცდებიან. საჯაროდ დაფიქსირებული განცხადებების მიხედვით, ოფიციალური ბუდაპეშტი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. ბუდაპეშტში მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის უნგრეთის პრეზიდენტის მიერ შარლ მიშელისთვის გაგზავნილი წერილი. ორბანი უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია და 14-15 დეკემბერს დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან ამ საკითხის საერთოდ ამოღებას ითხოვს.