სამი დღე საპარლამენტო არჩევნებამდე.
მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანია დასკვნითი ღონისძიებით შეაჯამა. მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ სხვადასხვა მიმართულებიდან და „ქართული ოცნების“ ლიდერები სცენაზე – მმართველი გუნდის მხარდამჭერთა შეკრება ცოტა ხნის წინ დასრულდა. მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ – ასეთი იყო მთავარი ლოზუნგი ღონისძიებაზე, სადაც სახელისუფლებო პარტიამ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რატომ არის 26 ოქტომბერს გასაკეთებელი არჩევანი გადამწყვეტი მნიშვნელობის. შეჯამდა 12-წლიანი მმართველობა და ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, გაიცა ახალი დაპირებები და იყო მწვავე კრიტიკა ოთხი ოპოზიციური ძალის მისამართით. გამომსვლელებმა გაიხსენეს წინა ხელისუფლების მმართველობის წლებიც და ელექტორატს იმ საფრთხეებზე მიუთითეს, რაც, მათი განმარტებით, ქვეყანას ოპოზიციისგან ელის. მთავარი აქცენტი ქვეყნის ომში ჩართვის საშიშროებაზე გაკეთდა, რომელიც გამომსვლელთა განცხადებების მიხედვით, ჯერ ისევ არ არის განეიტრალებული. თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მიმართა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
დღევანდელ შეკრებას შეუერთდნენ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეებიც.
საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. სიტყვით გამოსვლების დაწყებამდე თავისუფლების მოედანზე შეკრებილებისთვის მუსიკალური ნომრები შესრულდა. ადგილზე მყოფებმა მმართველ პარტიას დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა და ის გარემოებები განმარტეს, რის გამოც 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებენ. მშვიდობის გარანტია, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, ეროვნული ინტერესების და ფასეულობების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ის მთავარი ფაქტორებია, რის გამოც დღევანდელი მხარდამჭერი აქციის მონაწილეები არჩევანს მოქმედი ხელისუფლების სასარგებლოდ აკეთებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით აგვისტოდან დაწყებული საარჩევნო შეხვედრები დღევანდელი დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა.