„ქართული ოცნება“, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს – მორიგი ღონისძიება თელავში გაიმართა. დღეს მოსახლეობას სიტყვით პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მიმართეს.
გასული შეხვედრების მსგავსად, მთავარი აქცენტი, სავარაუდოდ, ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გაკეთდა. მიზნებს შორის კი ევროინტეგრაციის გზაზე ღირსებით სვლა, სოციალური პირობების გაუმჯობესება და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება სახელდება. რაც შეეხება საფრთხეებს – მთავარ საფრთხედ მმართველი პარტია გლობალური ომის პარტიასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებს მიიჩნევს.