„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია - პოლიტიკური გზავნილები

მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

12-წლიანი მმართველობის შემდეგ „ქართული ოცნება“ ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე დებს ფსონს. სწორედ ამ მოცემულობით ესახება ხელისუფლებას პოლიტიკური სივრციდან „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობა, პოლარიზაციის დასრულება და ევროკავშირში გაწევრიანება. პარტიის ლიდერების გამოსვლებში ამჯერადაც მკვეთრად იყო აქცენტირებული „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესები და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მზარდი საფრთხე. მმართველი გუნდის მთავარი გზავნილის მიხედვით, 26 ოქტომბერს გადაწყდება, იქცევა თუ არა ეს საფრთხე რეალობად. სწორედ ამ კონტექსტში ხელისუფლება 26 ოქტომბრის კენჭისყრას რეფერენდუმად აცხადებს. საარჩევნო კამპანიის გახსნის დღეს გაჟღერებული გზავნილები მოსახლეობის ომით დაშინების და ხელისუფლებაში კიდევ ერთი ვადით დარჩენის მცდელობაა ოპოზიციისთვის. „გლობალურ ომის პარტიაზე“ და საომარი მოქმედებების საშიშროებაზე საუბრის დროს ოპონენტები „ქართული ოცნებისგან“ კონკრეტიკას ითხოვენ.