„ქართული ოცნების“ საარჩევნო გეგმები

„ქართული ოცნების„ ლიდერების გუშინდელ გამოსვლებში მწვავე კრიტიკის მთავარ სამიზნედ კვლავ ყოფილი მმართველი პარტია იქცა.

გაიცა დაპირებაც – გამარჯვების შემთხვევაში არჩევნებიდან მალევე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გასამართლება დაანონსდა. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს შორის ერთ-ერთ მთავარ დანაშაულად მმართველი გუნდი 2008 წლის ომს ასახელებს და მიიჩნევს, რომ 16 წლის წინ ქვეყანა საომარ მოქმედებებში ჩართეს და ამით დაკვეთა შეასრულეს. გუშინდელი განცხადებების შემდეგ გაჩნდა კითხვა – რატომ საუბრობს მმართველი პარტია ოპონენტი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობის დაყენებაზე ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ და დადგება თუ არა კონკრეტულ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პასუხად „ქართული ოცნების“ ლიდერები კოჰაბიტაციის მცდელობაზე და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებზე მიუთითებენ, რასაც, მათივე განცხადებების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროცესების კიდევ უფრო რადიკალიზაციის სურვილი მოჰყვა.