რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო „ქართული ოცნება“ პრეზიდენტისგანაც კრიტიკის ადრესატი გახდა.
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე გამოსვლა სალომე ზურაბიშვილმა ძირითადად მმართველი პარტიის საგარეო პოზიციონირების კრიტიკისთვის გამოიყენა, მეორე დღეს, ქართული დიასპორისადმი მიძღვნილ კიდევ ერთ ოფიციალურ ღონისძიებაზე კი მთავრობა პროტოკოლის უხეშ დარღვევაში უკვე მეორედ დაადანაშაულა. პასუხმა არ დააგვიანა: პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ღია დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ პოლიტიკურ მიკერძოებაში სდებს ბრალს და პირდაპირ ეუბნება, რომ ამომრჩევლებში ლეგიტიმაციას კარგავს, რის გამოც დახმარებას სთავაზობს. თუმცა დახმარების სურვილის ნაცვლად ხელისუფლების დღევანდელ გზავნილში ოპოზიციამ ზეწოლის და მუქარის ნიშნები ამოიკითხა – ოპონენტები „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების მიღმა ორ დღეში დაგეგმილი გამოსვლის წინ გაფრთხილებასაც ხედავენ – 31 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს უნდა მიმართოს. ოპოზიცია, რომლის ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილს მწვავედ აკრიტიკებდა და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა, დღეს პრეზიდენტს ბოლოდროინდელ ყველა გამოსვლას უწონებს და მისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ითხოვს. იგულისხმება მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას შეწყალება.